ქეთი მელუას კონცერტზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ბილეთის თანხაში თანმხლები პირის დასწრებაც შედის.
იმისათვის, რომ შშმ პირებმა ქეთი მელუას კონცერტზე დასწრება ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეძლონ, მათი ბილეთი კონცერტზე დამატებით ერთი თანმხლები პირის დასწრებას ითვალისწინებს. თანმხლები პირი შშმ პირის მიმდებარედ განთავსებული ადგილით ისარგებლებს.
ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსის, ქეთი მელუას კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 20 ლარიდან იწყება, საშუალო ფასის ბილეთები 30 - 35 ლარია, VIP დარბაზებისთვის განკუთვნილი ბილეთები კი, 120 ლარად იყიდება. კონცერტი 23 ივლისს Black Sea Arena-ზე ჩატარდება.
ქეთი მელუას გრანდიოზული შოუ სახელწოდებით „ზაფხულის დღესასწაული“, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.
ქეთი მელუას აკომპანირებას გაუწევს ინგლისური ბენდი (Tim Harries – ბასგიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა). სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კაპელა.
ქეთი მელუას კონცერტის ჩატარება სახელმწიფო ბიუჯეტს 350 000 ლარამდე უჯდება. როგორც Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანხა პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.