მსოფლიოში ყველაზე ხანგძლივი მუსიკალური ფესტივალი მე-3 სეზონისთვის ემზადება. ორ კვირაში ანაკლია გახანგრძლივებულ და უფრო მასშტაბურ „Gem-Fest“-ს უმასპინძლებს.
14 ივლისიდან 1 თვის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში 3 000-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად, ანაკლიაში ჩამსვლელებს გართობა სხვადასხვა სახალისო შოუებით და სპორტული ღონისძიებებით შეეძლებათ.
როგორც „Gem-Fest“-ის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას აღნიშნა, წლევანდელი ფესტივალი ხანგძლივობასთან ერთად, „ლაინაფით“ და უფრო მოწესრიგებული გარემოთიც გამოირჩევა. მისი თქმით, წელს ანაკლიაში 10-მდე სცენა განთავსდება, სადაც მსოფლიოში ცნობილი 500-მდე არტისტი დაუკრავს. ასევე, იქნება ბევრად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, 60-მდე კვების ობიექტი, საშხაპეები, საპირფარეშოები, ასევე უფასო WiFi და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები.
„ბევრად გაზრდილია მასშტაბები. „Gem-Fest“-ი წელს იქნება მსოფლიოს ყველაზე ხანგძლივი მუსიკალური ფესტივალი, ასევე „ლაინაფში“ იქნება წარმოდგენილი 500-ზე მეტი არტისტი, რაც ასევე მსოფლიო რეკორდი არის. 3 000-ზე მეტი ივენთი ჩატარდება ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზოლში, „Gem-Fest“-ის ფარგლებში. წელს ჩვენ სტუმრებს ვახვედრებთ აბსოლუტურად გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, ძალიან გაზრდილ ტერიტორიას. წელს გვექნება 10 სცენა, იქნება 100-ზე მეტი ობიექტი. სულ იყო უკმაყოფილება რომ ცოტა არის კვების ობიექტები, არ არის რესტორნები და სათანადო რაოდენობის კაფეები, 5 დღის გამო არავის უნდა ინვესტიციის ჩადება და ჩვენ ინვესტორებს შევთავაზეთ 32 დღიანი ზეიმი. ამ პირობით უკვე 18 რესტორანი შემოვიდა და 40 სწრაფი კვების ობიექტი, ანუ სულ „Gem-Fest“-ის ტერიტორიაზე 60 კვების ობიექტი გვექნება. წელს ასევე ძალიან არის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ძალიან დიდი მონდომების შედეგად. ეს არის საპირფარეშოები, პირსაბანები, საშხაპეები, მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები, 10 000 ადამიანზე იქნება კარვების ქალაქი მოწყობილი, სადაც ასევე სრული კომფორტი იქნება, დიდი განსხვავება არის ისიც რომ WiFi იქნება უფასო მთელ ტერიტორიაზე და ბევრად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა მთლიან ანაკლიასა და განმუხურში“, - აღნიშნა გიორგი სიგუამ, რომელმაც აქვე დასძინა რომ მარტო ფესტივალის პერიოდში, სულ მცირე, 50 000 ტურისტს ელოდებიან.
ფესტივალის სტუმრებს ღამის გათევა ბრენდული სასტუმროებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან, საოჯახი ტიპის სასტუმროების გარდა, კარვების ქალაქშიც შეეძლებათ. როგორც კარვების ქალაქის მენეჯერმა „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე სულ მცირე, 2 500 კარავი გაშენდება, რომელიც 10 000 ადამიანს დაიტევს. მისი თქმით, თითოეულ კარავს ექნება ორი კარი და უზრუნველყოფილი იქნება თეთრეულით, ბალიშით და პლედით.
„წელს აქ მინიმუმ გაიშლება 2 500 კარავი. ყველა კარავს ექნება ორი კარი, რაც ვინტილაციისთვის იქნება ძალიან კომფორტული. გარდა ამისა, ყველა კარავში იქნება გასაბერი ლეიბი, რომლის სიმაღლეც 22 სმ. იქნება. თითოეულ კარავში იქნება თეთრეული, ბალიში, პლედი, ყველა მომხმარებელს დაურიგდება ღამის ნიღბები, ყურის საცობები და კარვების შეძენა ყველას შეუძლია ინტერნეტში, „Gem-Fest“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მისი შესახება შესაძლებელია როგორც 1 ღამით, ასევე მთელი ფესტივალის განმავლობაში“, - აღნიშნა გოგი კახიძემ.
ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ზუგდიდის გამგეობამ 800 ათასი ლარი გამოყო. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში განაცხადა, „Gem-fest“ ყველაზე დიდი მაგნიტია, რომელიც რეგიონში ინვესტიციებს იზიდავს. მისივე თქმით, ტერიტორიაზე მშენებლობის ბუმია და დასაქმების კუთხით, ადგილობრივი მოსახლეობა 100%-ით არის ჩართული.
„თუ დავაკვირდებით სოციალური ეფექტების კუთხით, ეს არის მაქსიმალურად, ყველაზე დიდი მაგნიტი, რომელიც იზიდავს ინვესტიციებს ამ მხარეში და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ადგილობრივი მოსახლება ჩავრთოთ ამ პროცესში. თუ გავითვალისწინებთ საბინაო ფონდს, დღეის მდგომარეობით, 20 000-ზე მეტი საწოლი უკვე დაჯავშნილია და ყოველდღიურად მიდის ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ზრდისკენ და რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, აქ ფაქტობრივად მშენებლობის ბუმია და აქ მოსახლეობა 100%-ით არის ჩართული, თვითონ აშენებენ თავის მხარეს, თავის კუთხეს, სოფელს და ჩვენ ვფიქრობთ რომ რა თქმა უნდა ეს არის გამოცდილების და სერვისი კუთხით, ასევე გაუმჯობესების და სხვა ბევრი ფაქტორის კუთხით ეს არის ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც მოიზიდავს როგორც კერძო სექტორს, ინვესტიციებს, ასევე ფულად სახსრებს ადგილობრივი მოსახლებისთვის შემოსავლის სახით“, - განაცხადა დავით კოდუამ.
ფესტივალზე დასწრების მსურველებს საოჯახი ტიპის სასტუმროს დაჯავშნა booking.com-ის საშუალებით შეუძლიათ. ბოლო მონაცემებით, ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში 20 ათასი საწოლი უკვე დაჯავშნილია.
შეგახსენებთ, საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem-fest“ პირველად 2015 წელს ჩატარდა. გასულ წელს ფესტივალს 35 000-მდე ვიზიტორი ყავდა.
ირაკლი კუნჭულია, ჯი ეიჩ ენი