ყველა კონკურსს პატივს ვცემ, მაგრამ „თბილისი“ დიდად გამორჩეული იყო, - ასე აფასებს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისს“ 2016 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული შორენა ლებანიძე. მისი თქმით, კონკურსში გამარჯვება მწერლისთვის ძალიან დიდი სიხარულია და მისთვისაც სტიმულის მიმცემი იყო.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვება მწერლისთვის ძალიან დიდი სიხარულია და ჩემთვისაც სტიმულის მომცემი იყო. ეს სერიოზული კონკურსია, ხელისუფლება გიჭერს მხარს, ქალაქის ხელმძღვანელობა, მერია, საკრებულო, ჟიურის წევრებადაც ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი იყო შერჩეული. ყველა კონკურსს პატივს ვცემ, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, დიდად გამორჩეული იყო - ასეთმა მნიშვნელოვანმა პიროვნებებმა რომ გამოარჩიეს ჩემი წიგნი უამრავი ნაწარმოებიდან, დიდ პატივად მივიჩნიე. ამ მოვლენამაც შეუწყო ხელი და დააჩქარა ჩემი წიგნის - „მანანა ანუა, ტყვეობის 52 დღე“ - თარგმნა აფხაზურ ენაზე. მანამდეც იყო 2 თავი ნათარგმნი და გამოქვეყნებული ლიტერატურულ ჟურნალ „ცისკარში“, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაეცა ეს პრიზი, მეტად დაინტერესდა კულტურის სამინისტრო და სრულად დააფინანსა წიგნის აფხაზურად თარგმნა და გამოცემაც. ამ ეტაპზე მიდის მსჯელობა, რომ რუსულად და გერმანულადაც ითარგმნოს“, - აცხადებს ლებანიძე.
ცნობისთვის: ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი "თბილისი" წელს მესამედ ტარდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვას, საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ნომინაცია წლის საუკეთესო ესე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სკოლის მოსწავლეთათვის.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს "ფინკა ბანკი საქართველო", "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".