ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ The Jerusalem Post იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრემიერს მკერდის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნებოდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ექიმებმა მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს. ამჟამად ოლმერტის მდგომარეობა სტაბილურია. ისრაელის მთავრობას ეჰუდ ოლმერტი 2006-2009 წლებში მეთაურობდა. მას ბრალი კორუფციაში დასდეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ დაცვის მხარის აპელაცია დააკმაყოფილა და ექსპრემიერს პატიმრობის ვადა 18 თვემდე შეუმცირა. კიდევ ერთი თვე ოლმერტს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაუმატეს. მაასიაგუს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოლმერტი 2016 წლის თებერვლიდან იმყოფება. 29 ივნისს მის ვადამდელ გათავისუფლებაზე სასამართლო მოსმენაა დანიშნული.