სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს რაგბის კავშირსა და ირლანდიის რაგბის კავშირს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ირლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა მოაწერეს. ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართული და ირლანდიური რაგბის დაახლოებას. ირლანდიური მხარე მზადაა დახმარება გაუწიოს ქართულ რაგბს მომავალი განვითარების გზაზე. ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა მემორანდუმის მნიშვნელობაზე და ირლანდიის სარაგბო თემს მადლობა გადაუხადა.
ქართული და ირლანდიური რაგბის მომავალზე ილაპარაკეს გოჩა სვანიძემ და ფილიპ ბრაუნმა. სვანიძის თქმით, ირლანდის რაგბის კავშირთან დაახლოება უმნიშვნელოვანესია ქართული რაგბის განვითარებისთვის.
თავის მხრივ, ბრაუნმა აღნიშნა ქართულ რაგბიში არსებული წარმატებები და ხაზი გაუსვა მომავალი ურთიერთობების მნიშვნელობას ქართულ-ირლანდიურ სარაგბო თემებს შორის.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ირლანდიის განაცხადს რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლობაზე. 2023 წელს გასამართი ტურნირის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს სწორედ ირლანდია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. ანალოგიურ პრეზენტაციას ფრანგული მხარე 17 ივნისს, სასტუმრო „რუმსში" გამართავს.