9 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ სამინისტროში უმასპინძლეს - ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს ზაზა მჭედლიძეს, გენერალურ მდივანს დავით სახვაძეს, ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის გენერალურ მდივანს მაქს გიოტერს და კონფედერაციის წარმომადგენელს ევგენი ცუხლოს. შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისში 12-17 ივნისს გასამართ ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. ევროპირველობა ახალი თბილისის ტერიტორიაზე (ამერიკის საელჩოს უკან) მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი (235 ვაჟი, 173 ქალი). საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება. მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. 12 ივნისს, 17:30 საათზე, დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი. ევროპირველობის მიმდინარეობის დროს თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.