Stadler-ის მატარებლებში თბილისი-ბათუმის რეისზე მგზავრებისთვის კვების სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
მათი ცნობით, „საქართველოს რკინიგზა“ ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. გამარჯვებულმა კომპანიამ 1 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეძლოს მგზავრებს „სენდვიჩები“, „ბურგერები“ და სხვა ანალოგიური პროდუქცია, მათ შორის, სამარხვო პროდუქცია შესთავაზოს. ასევე დასაშვებია შოკოლადების, კრეკერების, კანფეტების, საღეჭი რეზინების და სხვა ამგვარი პრუდუქციის რეალიზაცია. პირობების თანახმად, თბილისსა და ბათუმში ელექტრომატარებლების პროდუქციით მომარაგება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები „საქართველოს რკინიგზაში“ 16 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
„მგზავრების ინტერესი ამ მატარებლებით მგზავრობის მიმართ განსაკუთრებულია. ამასთან, გაზრდილია მოთხოვნა მატარებლებში კვების პროდუქტებზე და ასევე, ხაზგასასმელია, რომ მატარებლებს პირველი გაჩერება აქვთ მხოლოდ სადგურ ურეკში, ანუ მგზავრები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეიძინონ სხვა პროდუქცია, გარდა მსვლელობისას ბორტზე შეთავაზებულისა", - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.