თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოველ 220 მგზავრზე მოგვიანებით მიწოდებული 1 ბარგი მოდის.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2016 წელს მოგვიანებით მიწოდებული ბარგის რაოდენობამ 10248 ერთეული შეადგინა, 2015 წელს – 10 585, 2014 წელს კი 9105 ერთეული მოგვიანებით მიწოდებული ბარგი დაფიქსირდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით კი 2016 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2,252,535 მგზავრი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 220 მგზავრზე 1 მოგვიანებით მიწოდებული ბარგი დაფიქსირდა.
2015 წლის მონაცემებით, ქვერყნის მთავარ აეროპორტში მგზავრთნაკადმა 1,847,111 მგზავრი შეადგინა. შესაბამისად ყოველ 175 მგზავრზე დაგვიანებულად მიწოდებული 1 ბარგი მოდის.
„ტავ ჯორჯიასა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების დამუშავების საფუძველზე ირკვევა, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, 2014 წელთან შედარებით კი 43%-ით. დაგვიანებით მიწოდებული ბარგის რაოდენობა 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მგზავრთა რაოდენობაზე გათვლით 25%-ით არის გაზრდილი, 2014 წელთან შედარებით კი 27%-ით. თავად დაგვიანებით მიწოდებული ბარგის რაოდენობა, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, მცირედით, 3%-ით არის შემცირებული.
„როგორც მოგეხსენერბათ, საერთაშორისო საავიაციო წესების თანახმად, ბოლო გადამზიდველი ავიაკომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას დაგვიანებით ჩამოსულ ბარგზე და ამით გამოწვეულ ზარალზე მგზავრის წინაშე. აქედან გამომდინარე, ავიაკომპანიის უმეტესი რაოდენობა თვითონ უზრუნველყოფს დაგვიანებული ბარგის ადრესატამდე ტრანსპორტირებას“, აღნიშნულია „ტავ ჯორჯიადან“ მოწოდებულ ინფორმაციაში.