დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა.
"ჩვენ თქვენთვის ყოველთვის ვლოცულობთ. დღეს განსაკუთრებული დღეა და ერთად უნდა ვიფიქროთ სამშობლოს წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე, რადგან სამშობლოს ბედი და ჩვენი ბედი ბევრად დამოკიდებულია ერთმანეთზე", - მიმართა პატრიარქმა აბიტურიენტებს.
უწმინდესმა ასევ ყველას მოუწოდა, მათ შორის ახალგაზრდებს, ღვთისა და ერის წინაშე საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღონ და არავითარ შემთხვევაში, თუნდაც გასინჯვის მიზნით ნარკოტიკებს არ გაეკარონ.
"ასეთ ადამიანს მომავალი არ აქვს", - ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, ილია მეორემ ახალგაზრდებს ურჩია, პროფესიის არჩევისას დაფიქრდნენ და გადაწყვეტილება ისე მიიღონ.
"თუ ადამიანი სწორ გზას აირჩევს, მისგან შეიძლება გენიალური ადამიანი გამოვიდეს. გისურვებთ, მიაღწიოთ აკადემიურ წარმატებას, გქონდეთ მაღალი ზრდილობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული", - ბრძანა უწმინდესმა.
დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა როჭიკაშვილებისა და ფულარიების გვარი დალოცა. ასევე დალოცა ანსამბლი "ერისიონი" და ბავშვთა ანსამბლი "ელეონი".