ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტის გამო და სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტის ოჯახს.
„გამოვთქვამთ შეშფოთებას 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტის გამო. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, განუხრელად დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს საქართველოში მყოფი მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტების პოლიტიკოსების და სხვა პირების საქართველოში ლეგალური ცხოვრების, თავისუფალი გადაადგილებისა და ხელშეუხებლობის თავისუფლება;
მივესალმებით საქართველოს შს სამინისტროს რეაგირებას და იმედს ვიტოვებთ, დროულად და ოპერატიულად მოხდება საქმის გამოძიება. ასევე, იმედს ვიტოვებთ, საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების პროგრესისა და შედეგების თაობაზე.
აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეში არსებული დეტალები, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე გადაკვეთის ფაქტი, შეიცავს საფრთხეს, რომ ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს დაიცვას თავის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოსა თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე.
საქართველოს აქვს პრეტენზია იყოს რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარების მთავარი მონაწილე და იმედს გამოვთქვამთ, აღნიშნული ფაქტის უსწრაფესი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, სწორედ ამის დასტური იქნება“.