ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
სამართალდამცველების მიერ დაკავებულია მამა-შვილი 55 წლის მერაბ ტიტანიძე და 31 წლის კახაბერ ტიტანიძე.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მერაბ ტიტანიძემ 2002 წელს, ყალბი დაბადების მოწმობის საფუძველზე გადაიკეთა სახელი და გვარი, დაეწერა როგორც სოლომონ ბაგრატიონი და თავს ასაღებდა იმერეთის მეფის, სოლომონ II ბაგრატიონის შთამომავალად. ასევე, ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებულია მისი ვაჟი კახაბერ ტიტანიძე.
დაკავებულებმა უკვე აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.