ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილისთვის ოპოზიციის პროტესტი მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ზრდასთან დაკავშირებით გაუგებარია. იგი აცხადებს, რომ "ფონდები პარლამენტის მიერ დაკანონებულ ბარიერის ფარგლებშია.~ ამის შესახებ განცხადება ბაინდურაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.
მიმიდინარე წლის ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება, აქედან სარეზერვო ფონდები იზრდება 25-25 მილიონიდან 55-55 მილიონამდე.
ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ალოგიკურია, როდესაც ფონდების გაზრდა სტიქიისთვის მიყენებული ზარალის ასანზღაურებლად ცალკე თანხის გამოყოფის პარალელურად ხდება, რადგან ფონდებიდან თანხები ძირითადად სწორედ სტიქიის გამო იხარჯება ხოლმე. თუმცა იმის გამო, რომ ფონდებიდან თანხის ხარჯვა გაუმჭვირვალეა, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რაში იხარჯება თანხა - მხოლოდ მთავრობამ და კონკრეტულად ბაინდურაშვილმა იცის.
ბაინდურაშვილი განმარტავს, რომ რაჭისთვის ხალკე თანხა მხოლოდ იმიტომ გამოიყო, რომ დაზარალებულებისთვის სახლები აშენდეს და ასევე იმიტომ, რომ რაჭის სტიქია "ძველია". მისი განმარტებით, ფონდებიდან თანხა სტიქიაზე დაუყოვნებლივი საჭიროებისთვის მიიმართება ხოლმე და სალიკვიდაციო სამუშაოს ხმარდება.
მინისტრმა განმარტა, რომ კანონმდებლობით სარეზერვო ფონდების გაზრდის შესაძლებლობა ხელისუფლებას აქვს და თუ მანამდე ფონდებში მხოლოდ 25-25 მილიონი იყო, ეს წინასაარჩევნო პერიოდს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდებოდა. ოპოზიციის იმ არგუმენტს, რომ ეს ფონდები არის გაუმჭვირვალე, ფინანსთა მინისტრი უსაფუძვლოს უწოდებს.