საქართველოს ხარისხის ფონდი ეხმაურება „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" და ლაღიძის ლიმონათების ბრალდებებს კომპანია "ნატახტართან" მიმართებაში და ობიექტური სურათის დასადგენად, საცალო ქსელიდან ამოღებული ნატახტარის ლიმონათის შესწავლას იწყებს. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს საქართველოს ხარისხის ფონდი საზოგადოებას რამდენიმე დღეში გააცნობს.
შეგახსენებთ, კომერსანტ.გე-ს ინფორმაციით, ლაღიძის ლიმონათეგბის ქარხნის ხელმძღვანელმა თორნიკე ლაღიძემ განაცხადა: "ნატახტარი" მომხმარებელს ატყუებს და ქიმიური ესენციებისგან დამზადებულ ლიმონათს ყიდის. შედეგად ნატურალური ხილით დამზადებული ლიმონათები, რომლებიც რამდენიმე თეთრით ძვირია, აღარ იყიდება. ნატახტარს ტყუილში ბრალს "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლიც დებს. მისი განმარტებით, ნატახტარი იტყუება როდესაც აცხადებს, რომ ქართულ ლიმონათს ამზადებს. თემურ ჭყონიას თქმით, ნატახტარის ლიმონათი თურქეთში იწარმოება.