მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების" წარმომადგენლებმა ნანა კაკაბაძემ და გია ნიკოლაიშვილმა განაცხადეს.
ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგამიზაციების ("მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის" და "მეცნიერებათა უფლებების დაცვის კომიტეტის") მიწვევით მიმდინარე წლის 14-17 ივნისს მოსკოვში იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, ისინი მონაწილეობდნენ რუსი უფლებადამცველების მიერ მოწყობილ მოსამზადებელ კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა რუსეთში, საქართველოში და პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყენბში პოლიტიკური პატიმრების არსებობის პრობლემებს. მათი განცხადებით, სხვადასხვა უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, შეიქმნა დიდი საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებელი კომიტეტი, რომელშიც შევიდნენ: სერგეი კოვალიოვი, ლუდმილა ალექსეევა, ერნსტ ჩორნი, ვალენტინ გეფტერი, ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი.
ნანა კაკაბაძის განცხადებით, საორგანიზაციო კომიტეტი მოამზადებს დიდ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება საქართველოში, რუსეთში და პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში პოლიტიკური პატიმრების არსებობის პრობლემებს, პოლიტპატიმრების პირობების გაუმჯობესებისა და მათი გათავისუფლების მექანიზმების ძიების საკითხებს. მისივე განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უფლებადამცველები აშშ-დან, ინგლისიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და ა.შ.