იუსტიციიის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის ინფორმაციით, `ამნისტიის შესახებ~ კანონის მოქმედების პერიოდში ყალბი საინდენტიფიკაციო მონაცემები 1895 მოქალაქემ გაასწორა.
პირადობის მოწმობაში, პასპორტში და სხვა დოკუმენტებში ყალბი საიდენტიფიკაციო მონაცემების გასწორების მიზნით გამოცხადებული ამნისტია ერთჯერადი იყო და უკვე დასრულდა.
შედეგებთან დაკავშირებით, დღეს, სამოქალაქო რეესტრში, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსმა ლევან დარბაიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, `ამნისტიის შესახებ~ კანონის მოქმედების პერიოდში საიდენტიფიკაციო მონაცემების გაყალბების ყველაზე გავრცელებული ფაქტები გამოიკვეთა, ეს იყო: მოქალაქის დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება და სხვა.
მისივე თქმით, ამჯერად მოქალაქეებს, რომელთაც ისარგებლეს ამნისტიით, აქვთ სწორი მონაცემებით გაცემული დოკუმენტები, რომლითაც ისინი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გადაადგილდებიან.
როგორც ბრიფინგზე განმარტეს, იმ პირებისთვის, რომელთაც საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გააყალბეს მათი პირადი მონაცემები ამნისტია გასული წლის ივლისში გამოცხადდა.
ამნისტია შეეხო იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2010 წლის 1 ივნისამდე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ნებაყოფლობით გამოცხადდნენ, დოკუმენტის გაყალბების შესახებ თავად განაცხადეს და მათ საიდენტიფიკაციო მონაცემები შესწორებულ იქნა. ამ შემთხვევაში მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ.
ლევან დარბაიძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დაინერგა ფოტოსაძიებო სისტემა, რის საფუძველზეც ნებისმიერი ადამიანის ფოტოსურათით იდენტიფიცირება ხდება. აღნიშნული სისტემის საფუძველზე ამა თუ იმ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაყალბების ფაქტების პრაქტიკულად სრულად გამოვლენა გახდა შესაძლებელი.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, თუ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდება პირადი მონაცემების გაყალბების ფაქტი, რომელზეც მოქალაქეს თავად არ ექნება ნებაყოფლოვით გაცხადებული, მაშინ მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ დაისმება.