ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას "ბლოკ-ჯორჯიასთან" გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვას სთხოვენ. მოთხოვნა ქრისტიან-დემოკრატებმა დღეს პარლამენტის სესიაზე დააყენეს. პირველი განცხადება მაგდა ანიკაშვილმა გააკეთა, როგოც მან აღნიშნა, ჰოსპიტალურ სექტორში უმძიმესი მდგომარეობაა. "არსებული ანტისანიტარიის და დაბალი პირობების გამო საავადმყოფოებში შესვლა არათუ ავადმყოფისათვის, არამედ ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი სახიფათოა" - აცხადებს მაგდა ანიკაშვილი და აღნიშნავს, რომ "ბლოკ ჯორჯიას", რომელსაც ჰოსპიტალური განვითარების სექტორშიმონაწილეობს, 3 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კანონდარღვევით ერევა საკადრო საკითხებში და თანამშრომლები მუდმივი შიშის ქვეშ მუშაობენ. სწორედ ამიტომ იგი პარლამენტს მოუწოდებს, ჩაერთოს ამ პროცესში და ჯანდაცვის კომიტეტმა მოიწვიოს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ამ კომპანიის წარმომადგენლები და გაირკვეს ერთის მხრივ რატომ არ ასრულებს კომპანია ვალდებულებას და მეორეს მხრივ რატომ არ ინტერესდება მთავრობა მათი საქმიანობით. ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ კი აქცენტი იმ საკითხზე გააკეთა, რომ ხელისუფლებამ კომპანიას კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენება და მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე ზრუნვის უფლება გადასცა, თუმცა ვეფხვაძის თქმით, ეს კომპანია არც ამ ვალდებულებას არ ასრულებს და მიიჩნევს რომ მთავრობა ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს.