ბელგიაში ერთი წლის წინ მომხდარი ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად საგანგებო ღონისძიებები გაიმართა. ზავენტემის საერთაშორისო აეროპორტსა და მალბეკის მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებებს გასულ წელს 32 ადამიანი შეეწირა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. ფსიქოლოგიური ტრავმა 600-მდე ადამიანმა მიიღო. მემორიალურ ღონისძიებას აეროპორტში პერსონალთან, მთავრობის წევრებთან და დაზარალებულებთან ერთად მეფე ფილიპე და დედოფალი მატილდაც დაესწრნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.