დღეს ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ჯაიანმა გახსნა. მან დამსწრეებს საკრებულოს წევრები გააცნო და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომის წაყვანა უხუცეს წევრს, "ეროვნული საჭოს" წარმომადგენელს - მამული ჟღენტს სთხოვა.
პროცედურის მიხედვით, შეიქმნა საკრებულოს სამანდატო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც ჯუმბერ კობალაძე, ზაურ ფარტლაძე და გენადი თებიძე შევიდნენ. სამანდატო კომისიამ გოდერძი ტოტოჩავას მიერ წამოყენებული საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კირთაძის კანდიდატურას უყარა კენჭი. ოპოზიციური პარტიების - "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობის" და "ალიანსი საქართველოსთვის" მაჟორიტარებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მათ არც კომისიების თავმჯდომარეების არჩევაში მიიღეს მონაწილეობა.
საკრებულოს ოცმა წევრმა გიორგი კირთაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. "ეროვნული საბჭოს" ორი დეპუტატი კი წინააღმდეგი წავიდა.
ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარის მოადგილედ ჯუმბერ კახიძე აირჩიეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დაიკავეს კომისიის თავმჯდომარეების პოსტებიც: იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ნოდარ ფუტკარაძე, საფინანსო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ეკატერინე თარგამაძე, ეკონომიკურ საკითხთა კომისის ხელმძღვანელად დავით კასრაძე, ჯანდაცვის საკითხთა კომისის ხელმძღვანელად კი გიორგი დიასამიძე აირჩიეს.
ქალაქის მერად საკრებულოს თავმჯდომარემ რობერტ ჩხაიძის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც მხარი 22-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის "ეროვნული საბჭოს" წევრებმასც - ჯუმბერ კობალაძემ და მამული ჟღენტმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მიხედვით, რობერტ ჩხაიძეს 18 ივნისიდან საკრებულოს წევრის სტატუსი შეუწყდება და მას "ნაციონალური მოძრაობის" სიის მომდევნო ნომერი ჩაანაცვლებს.
მმართველი პარტიის პროპორციული სიით მე-11 ნომერი ნაზი ფუტკარაძეა. მის კანდიდატურასაც საკრებულოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.
"მადლობას ვუხდი საკრებულოს, ნდობის გამოცხადებისთვის და ბათუმელებს მხარდაჭერისთვის. პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბათუმის გალამაზება გაგრძელდება და შევეცდები, ბათუმი შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზ და წარმატებულ ქალაქად ვაქციო, სადაც ბათუმელები იცხოვრებენ კარგად და ბედნიერად. ბათუმში ძალიან ბევრია გასაკეთებელი და მზად ვართ, ნებისმიერ სიძნელეებს შევეჭიდოთ და ყველა პრობლემა, რომელიც ქალაქშია, მივიყვანოთ. სრულყოფილებამდე," - განაცხადა ბათუმის ახლად არჩეული მერმა, რობერტ ჩხაიძემ.
"საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობა", _ აცხადებს საკრებულოს თავჯდომარე გიორგი კირთაძე.