რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 150-150 სამხედრო ტყვე გადასცეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში წერს, რუსეთიდან დაბრუნებულ უკრაინელ დამცველებს შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედროები, სადესანტო-მოიერიშე და სახმელეთო ჯარების წევრები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის წევრები და სამართალდამცველები.
„მათ აერთიანებთ საერთო: ისინი უკრაინისთვის იბრძოდნენ. ზოგიერთი მათგანი ტყვეობაში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა“, – წერს ზელენსკი.
უკრაინიდან 150 სამხედრო ტყვეს დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ცნობით, ამჟამად რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსში იმყოფებიან, სადაც ისინი საჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას იღებენ.
ტყვეების დაბრუნებაში ჰუმანიტარული შუამდგომლობა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.