პენტაგონი ღიაა, განიხილოს ყველა შესაძლებლობა ღაზასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა.
„მდივანმა ხაზი გაუსვა ურღვევ კავშირს, რომელიც არსებობს შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის და მაღალი შეფასება მისცა ისრაელს, როგორც ახლო აღმოსავლეთში სანიმუშო მოკავშირეს. მდივნმა ჰეგსეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რჩება 100 პროცენტით ისრაელის უსაფრთხოების ერთგული“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
ჰეგსეთის თქმით, აშშ ისრაელს მიაწვდის საბრძოლო მასალებს, რადიკალური მტრების გასანადგურებლად.
„თქვენც და ჩვენც, გვაქვს კარგი მეხსიერება. ვაპირებთ, გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. ვაპირებთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაზრდას. ჩვენ მოგაწოდეთ საბრძოლო მასალები, რომლებიც ადრე არ იყო მოწოდებული, რაც საჭიროა რადიკალური მტრების აღმოსაფხვრელად. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ასე”,- განაცხადა ჰეგსეტმა.
თავის მხრივ, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს არ ჰყავს აშშ-ზე კარგი მეგობარი და მოკავშირე.
„ჩვენი ალიანსით, თქვენი მხარდაჭერით, მათ შორის იმ გადაწყვეტილების ჩათვლით, რომელიც თქვენ ახსენეთ, ისრაელს თავდაცვისთვის საჭირო იარაღის მიწოდების შესახებ, ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.