საქართველოს პრეზიდენტმა თავისი საკუთარი ხელით გაანადგურა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობა.
ეს განცხადება რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა ფრანგულ გაზეთთან "ლე მონდთან" საუბრისას გააკეთა.
"მინდა შეგახსენოთ, რომ ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო გეგმის მეექვსე პუნქტი გულისხმობდა, რომ ამ სახელმწიფოების სტატუსი ჯერ კიდევ გასარკვევი იყო. ეს ნიშნავდა მოლაპარაკებების შესაძლებლობას. ბატონმა სააკაშვილმა საკუთარი ხელით ამოშალა ეს პუნქტი", _ განაცხადა პრიმაკოვმა და დასძინა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებების ინიციატორი.
"სააკაშვილმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები ჩვენი სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთში. მანვე მოინდომა დსთ-დან გასვლა", _ აცხადებს პრიმაკოვი.
რუსეთის ყოფილი პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში მოსახლეობის უმრავლესობამ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას დაუჭირა მხარი _ საქართველოში კი, მისი თქმით, ასეთი რამ არ შეიმჩნევა.
"საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, ბოლოს ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადჰყო, რომ სააკაშვილი გარკვეული პოპულარობით სარგებლობს", _ განაცხადა პრიმაკოვმა და დასძინა, რომ ეს ხდება იმიტომაც, რომ ოპოზიციური ძალები საქართველოში გაერთიანებას ვერ ახერხებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის დავალებით, ევგენი პრიმაკოვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება დაევალა.