დათო კიკნაველიძის ანიმაციური ფილმის "ჯინო" მსოფლიო პრემიერა ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ფილმი ანსის საბავშვო ფილმების კატეგორიაში საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
"ჯინო" პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის - სახლის გადასარჩენად.
ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება. იგი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალად ითვლება.