უცხოურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნაპოვნი თავის ქალის ფრაგმენტები 2000 წელს მოკლულ ჟურნალისტს გიორგი ღონღაძეს ეკუთვნის. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრე მედვედკომ განაცხადა. "ექსპერტიზა დასრულებულია და ჩვენ პოზიტიური პასუხი მივიღეთ", _ განაცხადა მედვედკომ.
მანამდე უკრაინელი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ნაპოვნი ფრაგმენტები ღონღაძის თავის ქალას ეკუთვნოდა, თუმცა ნათესავების მოთხოვნით ქალის ფრაგმენტები უცხოეთში დამატებითი კვლევისთვის გაიგზავნა.
გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს. 2008 წელს დამნაშავეებად აღიარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ოფიცერი. დანაშაულებრივი ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი პუკაჩი 2009 წელს დააკავეს. გამოძიებას სწორედ პუკაჩმა მიუთითა ჟურნალისტის დამარხული თავის ქალის ადგილი.
სავარაუდოდ, პუკაჩი იმ ადამიანის ვინაობას დაასახელებს, ვინც ღონღაძის მოკვლის ბრძანება გასცა.
უკრაინული მედია წერდა, რომ აღნიშნულ საქმესთან, შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ქვეყნის მაღალჩინოსნებს, მათ შორის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.