ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს მეორე შუალედურ ანგარიშს 29 ივნისს წარუდგენს და კომისიის უფლებამოსილების ვადის მესამედ გაგრძელების საკითხიც ამ დღეს დადგება კენჭისყრაზე. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ და უმრავლესობის წევრმა ლაშა თორდიამ განაცხადა, კომისიის ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში 28 ივნისს დაბრუნდება.
სწორედ ამიტომ, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, კომისია ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 29 ივნისს წარუდგენს და ამავე სხდომაზე იმსჯელებენ, კომისიას საქმიანობისთვის უნდა გაუხანგძლივდეს თუ არა ვადები.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია კომისიას მუშაობისთვის ვადები პარლამენტმა უკვე ორჯერ გაუხანგძლივა. კომისიისთვის ვადის მესამედ გახანგრძლივების საკითხი კი თავად კონსტანტინე გამსახურდიამ ბიუროს წინა სხდომაზე დააყენა და არგუმენტად დაასახელა ახლადაღმოჩენილი გარემოებების შესწავლის აუცილებლობა.