თბილისის მერი გიგი უგულავა საკრებულოში შემავალ ოპოზიციის წარმომადგენლებს მშენებლობის ურბანიზაციისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის კომისიების ხელმძღვანელობას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება უგულავამ დღეს, საკრებულოში გააკეთა.
უგულავამ 30 მაისის საარჩევნო პროცესის წარმატებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მმართველმა გუნდმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ისინი მზად არიან ოპოზიციონერ კოლეგებს პოზიტიური თანამშრომლობის პროგრამა შესთავაზონ.
მისი თქმით, საკრებულოში "ნაციონალების" ფრაქცია თანახმაა, რომ მშენებლობის ურბანიზაციისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის ასევე ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის კომისიას, ოპოზიციის წარმომადგენელმა უხელმძღვანელოს. უგულავა ოპოზიციონერებს ქალაქის ბიუჯეტზე ერთობლივ მუშაობასაც სთავაზობს.
"მე და "ნაიცონალური მოძრაობის" გუნდი ოპოზიციონერ კოლეგებს ვთავაზობთ პოზიტიური თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც რამდენიმე ძირითად პრინციპს დაეფუძვნება. პირველ რიგში, ეს არის თანამონაწილეობა საერთო პასუხისმეგბლობის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ "ნაიცონალურმა მოძრაობამ" ხმების დიდი უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოში სწორედ თანამშრომლობისა და კოლეგიალურობის დასამკვიდრებლად აუცილებლად მიმაჩნია ოპოზიციის მონაწილეობა საკრებულოსა და კომისიის მართვაში. "ალიანსის" წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებდნენ ჯანდაცვის პრობლემებზე და საინტერესო წინადადებებიც ჰქონდათ ამ თვალსაზრისით. "მრეწველებს" ჰქონდათ საინტერესო მოსაზრებები მშენებლობაზე, "ქრისტიან - დემოკრატებს" კომუნალურ მომსახურეობის გაუმჯობესებაზე. ჩვენი ფრაქცია საკრებულოში თანახმაა მშენებლობის ურბანიზაციისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის ასევე ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის კომისიას სწორედ ოპოზიციის წარმომადგენელმა უხელმძღვანელოს. ვთავაზობ კოლეგებს ერთობლივ მუშაობას ქალაქის ბიუჯეტზე", - განაცხადა უგულავამ.