საარჩევნო გარემოს რეფორმირებაზე მუშაობა შემოდგომიდან დაიწყება. მანამდე კი გაიმართება კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხი "ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დააყენა.
როგორც ვეფხვაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ზრუნვა დრულად დაიწყოს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.
ამისთვის კი საჭიროა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დროულად დაიწყოს აქტიური კონსულტაციები.
პარლამენტის თავმჯდომარე ამ მოთხოვნას ეთანხმება. თუმცა, მისი განმარტებით, იმის გამო, რომ პარლამენტი აგვისტოს თვეში გეგმავს მუშაობის შეწყვეტას, საკითხზე მუშაობა აქტიურად საშემოდგომო სესიაზე დაიწყება, თუმცა ზაფხული გამოყენებული იქნება კონსულტაციებისათვის.
"იქნება ორი ძირითადი მიმართულება. კერძოდ, იმ შენიშვნებისა და გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებმა გვიჩვენა და მეორე, პოლიტიკური პროცესის მომზადება საპარლამენტო არჩევნებისათვის,~ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.