კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია წელს უკვე მესამედ ჩატარდება. ღონისძიება 16 ივნისს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა-კონცერტით საზეიმოდ გიხსნება. სპეციალურად აკადემიისთვის, საქართველოში ჩამოვლენ მსოფლიო დონის კლასიკური მუსიკის სპეციალისტები - პიანისტი ჯერომ როუზი, კლარნეტისტი არტურ ნაზიულინი და მევიოლინე ნანა იაშვილი.
აკადემიის ფარგლებში, 13-დან 25 წლამდე ახალგაზრდები შეირჩევიან და მათ ინტენსიური მასტერკლასები და სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ. როგორც აკადემიის დამფუძნებელი და პროექტის ავტორი, პიანისტი შორენა ცინცაბაძე განმარტავს, მსგავსი ტიპის ღონისძიებები უცხოეთში კარგად არის განვითარებული და ახალგაზრდების მუსიკალური უნარების დახვეწას ეხმარება. მისივე განცხადებით, ასეთი პროექტები ხელს უწყობს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და მის მიმართ ინტერესის გაზრდას.
,,საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ 2015 წელს დაარსდა და მისი უმთავრესი მისია საქართველოში ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა, მათში მოტივაციის გაზრდა, შემოქმედებით და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერაა. ჩვენი პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა გახლდათ ,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ (,,MISA”) დაარსება. ჩვენ უკვე მესამე წელია ჩამოგვყავს პატივსაცემი პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს ნიჭიერ ახალგზრდებს გამოცდილებას უზიარებენ და ეხმარებიან, რომ მათი მუსიკალური უნარები იყოს კიდევ უფრო მაღალი. ძალიან საინტერესო პროექტია, ამას კი ჩვენი წინა წლების მონაწილეთა შთაბეჭდილებები ადასტურებს. წარმოიდგინეთ, ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ კლასიკური მუსიკის სამყაროში, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევთ, რომ გამოცდილება გაიზიარონ მსოფლიო დონის მუსიკოსებისგან. ეს ყველაფერი ხდება უფასოდ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწფო და სხვადასხვა ფონდები მხარში დაუდგნენ მგვარ ინიციატივებს. მოგეხსენებათ, ამ დრომდე მთელი ამ პროექტის ორგანიზებას და ჩატარებას ძირითადად სკუთარი ძალებით ვცდილობ და ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ გაქრეს ახალგაზრდებში მოტივაცია და შევინარჩუნოთ გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულები, ასევე ვიზრუნოთ საზოგადოების მუსიკალური გემოვნების ამაღლებაზე“,- განაცხადა კლასიკური მუსიკის საზაფხულო აკადემიის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა შორენა ცინცაბაძემ.
კლასიკური მუსიკის საზაფხულო აკადემია 16 ივნისს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტით გაიხსნება, შემდეგ კი ბათუმში გაგრელდება. მონაწილეთა დაბინავების და ცხოვრების ხარჯებს ააკდემია ანაზღაურებს. აკადემიის კურსანტების შერჩევის თარიღი ვებგვერდზე misa.ge – უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მონაწილეებს სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ. ერთ-ერთ მათგანს კი განსაკუთრებული ჯილდო ელოდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მას საშუალება ექნება დაუკრას ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.