საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 125 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.25 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 2010 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის წინა სხდომასთან შედარებით, გაიზარდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი. არსებული პროგნოზებით, საშუალოვადიან პერიოდში პოლიტიკის უცვლელობის პირობებში სამომხმარებლო ფასების ზრდამ შესაძლოა 6%-ს გადააჭარბოს.
"ივნისში ფართო ფულადი აგრეგატის M3-ის წლიურმა ზრდამ 40 პროცენტს გადააჭარბა. ფულის მასის ზრდას, ერთი მხრივ, ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება, ხოლო მეორე მხრივ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეკონომიკის დაკრედიტების მზარდი ტემპი განაპირობებს. როდესაც ფულადი მასის ასეთი ზრდა შესაბამისობაში არაა ეკონომიკის ზრდის ტემპებთან, საშუალოვადიან პერიოდში ჩნდება ინფლაციის რისკები", _ აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
მათი ინფორმაციით, მარტისა და აპრილის მსგავსად, წინასწარი მონაცემებით მაისშიც გაღრმავდა საქონლის სავაჭრო დეფიციტი, რაც შიდა მოთხოვნის მატების შედეგი იყო. სავაჭრო დეფიციტის გაღრმავებამ, წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე უფრო ნაკლები ოდენობით კერძო კაპიტალის შემოდინებამ და მსოფლიო ბაზარზე აშშ დოლარის გამყარებამ გამოიწვია აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება.
"სწორედ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა პოლიტიკის გამკაცრება. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს", _ აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 7 ივლისს გაიმართება.