ხვალ, 17 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის ინიციატივით "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოეწყობა. წლევანდელი ღონისძიების დევიზია: "ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა."
"ვეფხისტყაოსნის" კითხვაში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი მიიღებს, მათ შორის - სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დამსვენებლები, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული სტუმრები.
"ვეფხისტყაოსნის" კითხვის დღე 7 წელია, ყოველწლიურად იმართება. ამ ტრადიციას საფუძველი დათო ტურაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა ჩაუყარეს. წინა წლებში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა თბილისში, სენაკსა და თამარაშენში მოეწყო.