საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა მასაოში კამოჰარამ "მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის სუფთა ენერგიის შემოთავაზების" პროექტს ხელი მოაწერეს.
"მზის ელექტროენერგიის გამომუშავების წსისტემის სუფთა ენერგიის შემოთავაზების" (Introduction of Clean Energy by Solar Electricity Generation System) პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, იაპონიის მთავრობა გამოყოფს გრანტს 480,000,000 იაპონური იენის (დაახლოებით 5.3 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით. გრანტი გამოიყოფა იაპონიის მთავრობის მიერ.
საგრანტო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობების მზის ენერგიის გენერატორებით აღჭურვაზე დაიხარჯება.
საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პერიოდში, იაპონიამ ოფიციალური განვითარების დახმარების (Official Development Assistance) პროგრამის ფარგლებში, მრავალი სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა, მათ შორის, საგრანტო დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობისა და ოფიციალური განვითარების დახმარების სესხის პროგრამები.
საქართველოში იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარება, წინამდებარე საგრანტო დახმარების პროგრამის ჩათვლით, 361.3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.