დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.
ვახო ჯაჯანიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გამოსვლა" კინოფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
"გამოსვლა" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალზე Maine International Film Festival აჩვენეს. ფილმს უკვე აქვს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოპოვებული ჟიურის სპეციალური პრიზი.
კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ნინო შაბურიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმს "სტუმარი" დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ სექციაში Kids აჩვენებენ, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება.
"სტუმარი" 10 წლის ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულის არდადეგების დადგომას სხვა ბავშვების მსგავსად არ ელოდება. მისთვის ზაფხული ზღვის სანაპიროზე ყოველდღიური მუშაობაა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festival-ზე შედგა.
დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალი 1989 წელს დაარსდა და დღეს არამხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალად ითვლება.
კინოფესტივალი დრეზდენში 4-9 აპრილს ჩატარდება.