საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობის წევრებს 30 მაისის, თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"კიდევ ერთხელ მოგილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. "ნაციონალურმა მოძრაობამ" თვითმართველობის არჩევნებში 60% აიღო. მაგალითად აჭარაში, ბათუმში 62 %, თბილისში 55%, სამეგრელოში 67-68 % ავიღეთ, თუმც არის რეგიონები სადაც 70%-ზე მეტი მოვიპოვეთ. ეს არის იგივე რაც 2004 წელს საპარლამენტო არჩევნებზე იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეიფორიის ფონზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე", - განაცხადა პრეზიდენტმა უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის დროს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
სააკაშვილის შეფასებით, არჩევნებში გამარჯვება ერთი მხრივ მისალოცია, მაგრამ ასევე მმართველ ძალას დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს.
"ეს გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთი რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ რთულ პერიოდში, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% თავზეხელაღებული, ცბიერი, მონღოლური ტიპის ძალის და ხელმძღვანელობის მიერ არის ოკუპირებული და როცა მსოფლიოში ეკონომიკა არც ისე კარგ ფორმაშია", - აღნიშნა სააკაშვილმა.