"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ სოციალისტური ინტერნაციონალი ფართოვდება და საქართველოს ლეიბორისტული პარტია ჩვენი ოჯახის ნაწილი ხდება. დღეიდან ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ პოლიტიკურ წარმატებებს". _ განაცხადა სოცინტერნის გენერალურმა მდივანმა ლუის აიალამ ერევანში 11-12 ივნისს გამართულ სოცინტერნის კავკასიისა და შავი ზღვის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს ლეიბორისტული პარტია სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
საერთაშორისო სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი, პროფესორი ნესტან კირთაძე.
სხდომის პირველი დღის პირველი ნაწილი დაეთმო საქართველოს საკითხის მოსმენას.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი, პროფესორი ნესტან კირთაძე, რომელმაც საერთაშორისო შეკრების მონაწილეებს _ სოცინტერნის ხელმძღვანელობას და უცხოეთის დელეგაციებს დეტალურად უამბო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის, მისი საშინაო და საგარეო პრიორიტეტების შესახებ; მიმოიხილა საქართველოს უახლესი პოლიტიკური ვითარება და დეტალურად შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს. საკითხს რეგიონული კონფლიქტების შესახებ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მყოფი კოლეგების ყურადღება მიაპყრო 2008 წლის აგვისტოს სისხლიან მოვლენებზე და საქართველოს ტერიტორიებად დაშლის უმძიმეს რეალობაზე.
"საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მოუხსნელად დგას ომისა და მშვიდობის საკითხი. საქართველოს ლეიბორისტული პარტია გიცხადებთ, რომ მანამ და ვიდრე ერთი ქართველიც იარსებებს დედამიწაზე, ისიც ვერ შეეგუება საქართველოს ტერიტორიულ დაშლას. ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი სამშობლოს გამთლიანება უკიდურესად მშვიდობიანი გზით, დიპლომატიისა და პოლიტიკის ყველაზე ეფექტური გზების გამოყენებით და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კავშირების აღდგენით" _ განაცხადა ნესტან კირთაძემ საერთაშორისო შეხვედრაზე.
მოხსენების შემდეგ ნესტან კირთაძემ უპასუხა მრავალრიცხოვან შეკითხვებს, რომელიც საერთაშორისო შეხვედრის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებმა დაუსვეს, მათ შორის: საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ხედვაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე; ურთიერთობებზე ეროვნულ უმცირესობებთან; საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე და სხვ.
სხდომის დამთავრებისთანავე სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა და სხვა ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს საქართვეოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანს მონაწილეობისა და უაღრესად საინტერესო მოხსენებისათვის და საქართველოს ლეიბორისტული პარტია და პირადად ნესტან კირთაძე ნიუ-იორკში მიიწვიეს, სადაც გაეროს შტაბ-ბინაში სოცინტერნის საბჭოს სხდომა გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში შედგა ნესტან კირთაძის ორმხრივი შეხვედრები პოლონეთის, გერმანიის, შვედეთის, უნგრეთის, საბერძნეთის, რუსეთის, პალესტინის, უკრაინის და სხვა ქვეყნების დელეგატებთან.
საერთაშორისო შეკრებას ესწრებოდნენ: სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალური მდივანი, სოცინტერნის ვიცე-პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელები, აგრეთვე, დელეგაციები გერმანიიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, პალესტინიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, აგრეთვე, ევროპის სოციალისტური პარტიიდან.
კირთაძე სამშობლოში 13 ივნისს დაბრუნდა