,,ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის საქმიანობაში შესაძლო ჩარევის საქმეზე პროკურატურის ვერსია არასარწმუნა.
"არ მესმის, როგორ შეიძლება, ვინმესთვის იყოს სარწმუნო ვერსია, რომ ზეწოლის მიზნით ერთმა ადამიანმა მეორეს გაუგზავნო დაზღვეული ფოსტა, მერე მიწერო მესიჯი და უთხრა, ხომ მიიღეო წერილიო. იმდენად აბსურდული და არასერიოზულია ეს ამბავი, რომ, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ეს ვინმემ აღიქვას სერიოზულად. განცხადებაში, რომელიც მოსამართლეებმა დაწერეს და მიმართეს პროკურატურას, თვითონ წერენ, რომ ეს ჰგავს პროვოკაციას მათ წინააღმდეგ. იქ არ არის დადასტურებულ ფაქტად, რომ ზეწოლას განიცდიდნენ კონკრეტული ადამიანებისგან. ეს არ წერია იმ განცხადებაში და ამის შესახებ არცერთი სიტყვა არ უთქვამს პროკურატურას. ჩემი აზრით, ეს არის გაგრძელება იმ აბსურდის თეატრის, რომელსაც ვხედავ ბოლო დღეების განმავლობაში", - აცხადებს კაპანაძე.
პროკურატურამ დღეს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართვები და სხვა დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომელთა საფუძველზეც, უწყების მტკიცებით, მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა დასტურდება. წერილების ავტორად, რომლებიც მოსამართლეებმა მიიღეს, დ. საყვარელიძეა მითითებული. მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევას უარყოფს.