საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოსამართლეს ქრთამს გაღარიბებული მოსახლეობის ჯიბიდან უხდის. დეპუტატი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს ტელეკომპანიის წასაღებად და დასახურად.
,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს ”რუსთავი 2”-ის წასაღებად და დასახურად. გუშინ ვნახეთ უკიდურესი ცინიზმი, როდესაც მოსამართლეს ქრთამს უხდიან გაღარიბებული მოსახლეობის ჯიბიდან. ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი არ გააკეთა, რომ საკუთარი ჯიბიდან გადაეხადა ქრთამი, ეს ფული ჩვენ გადაგვახდევინა. არსებობს ბევრი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მოვითხოვთ „საქართველოს ბანკმა“ გააკეთოს განმარტება, რომელი მაღალჩინოსნის ბრძანებით მოხდა, რომ წართმეული ნაკვეთი ფულის გადახდის გარეშე დაუბრუნეს მფლობელს. განმარტება უნდა გააკეთოს თბილისის მერიამაც, თუ როგორ გამოცხადდა ყოვლად უვარგისი მიწა სახელმწიფოსთვის საჭირო მიწის ნაკვეთად და როგორ გადაიხადეს მასში მილიონ ლარზე მეტი. ამ კითხვებით მივმართავთ პროკურატურასაც”, - განაცხადა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება უკრაინულ საიტზე დღეს გამოქვეყნებულ ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილს შორის სავარაუდო სატელეფონო საუბარს, ნადირაშვილის თქმით, ეს არის მცდელობა ნაზღაიძის საქმის გადაფარვის.