იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან მიუვიდათ. მისი თქმით, დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა და მისგან მოისმინა ინფორმაცია მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებაზე.
„თავად მოსამართლეებს არ ჰქონდათ ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კონტაქტი. დღეს გახდა გარკვეული დეტალები ჩემთვის ცნობილი. სრულად არ ვიცი, რა ხდება და როგორ. შევიტყვე, რომ ორ მოსამართლეს - ბესო ალავიძეს და პაატა ქათამაძეს მიუვიდათ წერილები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის სახელით და შემდეგ მიუვიდათ სატელეფონო შეტყობინებები. მათ აღნიშნული წერილები გადასცეს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს წერილები პროკურატურას გადაუგზავნა“, - განაცხადა მურუსიძემ, თუმცა ის არ აკონკრეტებს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის ვინაობას.
პროკურატურის ინფორმაციით კი, ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები.