პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების შეხვედრის დაწყებამდე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციებს გამართავს ყველასტან, ვინც მივა შეხვედრაზე. როგორც ცნობილია, უმრავლესობის წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებიან.
ჩიხრაძის თამით, ვეტოს დადებამდე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ოფიციალურად მიმართა შესაბამის უწყებებს, მათ შორის, პარლამენტის ხელმძღვანელებს გამართულიყო წინასწარი კონსულტაციები.
„სამწუხაროდ, წინასწარი კონსულტაციები არ შედგა, ვეტო დაიწერა და გაიგზავნა პარლამენტში. ჩვენ ყველა ეტაპზე ვართ მზად ვისაუბროთ აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად. ეს არის თემა, რომელიც ეხება საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების თემას, შტოთა შორის ბალანსს და გაწონასწორების სისტემას, ასევე დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლოს თემას. ყველა ეს შენიშვნა დაფუძნებულია ვენეციის კომისიის დასკვნებზე. მე ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ცოტა საკითხი შეიძლება არსებობდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ვეტო ბრძოლის იარაღად კი არ უნდა განვიხილოთ, კი არ გავიქცეთ და დავიმალოთ კონსულტაციებისგან, არამედ აბსოლუტურად ნორმალურია, დემოკრატიულ ვითარებაში ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ხვდებოდნენ ერთმანეთს და ესაუბრებოდნენ სახელმწიფოებრივ საკითხებზე“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, ვეტოსთან დაკავშირებით უმრავლესობისგან იმდენად გაუგებარი კომენტარები მოისმინეს, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს.