საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ვიზალიბერალიზაციის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დამპატიჟა. ეს მნიშვნელოვანი შემთხვევაა, ვინაიდან ჩვენ ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ვულოცავ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, დღევანდელი ნაბიჯი უფრო დაგვაახლოვებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განვაგრძოთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვება. ვიცით, თუ როგორ ბეჯითად მუშაობდა ხალხი ამის მისაღწევად“, - დასძინა მან.
553 ხმით 66 -ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პროცედურული ნაბიჯები გაზაფხულისთვის დასრულდება.