რაც არ უნდა სხვა სტრუქტურა მოვიფიქროთ, თუ მოსმენებზე პოლიტიკური ნება არ იქნება, შედეგს ვერ მივიღებთ, - განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ფარული მოსმენების შესახებ დამოუკიდებელი სააგენტო იქმნება.
,,საზოგადოებაში მასიური განცდაა, რომ მოსმენები გრძელდება და ამაზე არასამთავრობოების არაერთი აქცია მეტყველებს. გარდა ამისა, არც ერთი ფარული ჩანაწერის გამოძიება არ მიყვანილა ბოლომდე. ნება იმისა, რომ ფარული ჩანაწერების ეპოქა დასრულებულიყო მთავრობას არ გამოუვლენია. ამასთან ერთად, სუს-ს ბიუჯეტში 18 მილიონი ემატება და აქ მთავრობის პრიორიტეტი ნათლად ჩანს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთავრობა ნიშნავს უწყების ხელმძღვანელს, რომელმაც ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური დანიშვნა იქნება. სამწუხაროდ, არანაირ პრობლემის გადაჭრაზე არ არის საუბარი. პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ ფარული ჩანაწერების და მიყურადების ეპოქაში ცხოვრებას. თავი უნდა მოვიტყუოთ, რომ ვთქვათ ეს რაიმე სახის გადაწყვეტილებაა. მთავარია, რომ პოლიტიკური გავლენა არ იყოს იმ უწყებაზე, რომელიც აღნიშნულ საკითხებს წყვეტს. აქ კი, პირდაპირ პრემიერია ჩართული. სისტემა, რომელსაც დღეს ხელისუფლება გვთავაზობს არის სისტემა, რომელიც ფარულ მოსმენებს გააგრძელებს და არ გადაწყვეტს ამ პრობლემას”, - აცხადებს ხოშტარია.