ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ,,გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროება ორივე მხარის ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს. მისი თქმით, ასეთი ხელშეკრულებები არის კომერციული საიდუმლოება.
,,კონკრეტულად ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის, თუ რა კონკრეტული დეტალები უნდა იყოს გასაჯაროებული. ეს უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. როგორც გითხარით, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ზოგადად, შემოდის სხვადასხვა წერილი, რომ მაგალითად, უნდა იყოს გასაჯაროებული „სოკარის“ ხელშეკრულება, „შაჰდენიზის“ ხელშეკრულება. მგონია, რომ ეს არასწორია, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ასეთი ხელშეკრულებები არის კომერციული საიდუმლოება“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ „გაზპრომთან“ შეთანხმება უკვე ხელმოწერილია.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მიერ მის პარლამენტში დაბარებას, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე, რაც არსებობდა, ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.