ვაშინგტონსა და მეხიკოს შორის ურთიერთობა მწვავდება. მას შემდეგ, რაც მექსიკის ლიდერმა დამცავი კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე უარი თქვა და ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა ჩაშალა, ტრამპი მექსიკური საქონლის იმპორტზე გადასახადის გაზრდას აპირებს. თეთრი სახლის წარმომადგენლის, შონ სპაისერის თქმით, ტრამპმა ეს საკითხი კონგრესის წარმომადგენლებთან უკვე განიხილა. „დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში ექსპორტი იბეგრება, იმპორტი კი თავისუფლად ხორციელდება და გადასახადებით დატვირთული არ არის, რაც სასაცილოა. იმპორტზე გადასახადების გაზრდით მიღებულ შემოსავალს ჩვენ მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობას მოვახმართ,“-აღნიშნა სპაისერმა.