დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი ქართული ფილმის შესახებ, რომელიც ბერლინის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები. რეზო გიგინეიშვილის „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა ბერლინალეზე სექციაში Panorama Special გაიმართება.
„მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ „მძევლების“ კო-პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმის „იდა“ მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკაა.
ფილმის სცენარი ეფუძნება 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს. ეს არის ამბავი ინფანტილურ და თავდაჯერებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე ოცნებობდნენ და მათ მშობლებზე, რომელთაც არაფერი იცოდნენ და ერთ დღეში საბედისწეროდ შეეცვალათ ცხოვრება.
ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.
ბერლინის პრესტიჟულ კინოფესტივალზე წელს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალზე ერთდროულად 4 ქართული ფილმი მოხვდა. „მძევლების“ გარდა ბერლინალეზე ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს „ჩემი ბედნიერ ოჯახი“, რატი ონელის დოკუმენტურ ფილმს „მზის ქალაქი“ და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციურ ფილმს „ლილე“ აჩვენებენ.