ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.
კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსში მონაწილეობს დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "ლეთა".
"ლეთას" მსოფლიო პრემიერა 2016 წელს კანის კინოფესტივალის ფარგლებში ფრანგულ რივიერაზე წარმატებით გაიმართა. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.
ტრიესტეს კინოფესტივალზე პროგრამაში Born In Trieste აჩვენებენ ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტურ ფილმს "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი", რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე კვატაშიძის ფილმის და ტრიესტეს კინოფესტივალის თანამშრომლობა ჯერ კიდევ პროექტის განვითარების ეტაპიდან დაიწყო.
"ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" მონაწილეობას იღებდა ფესტივალის კოპროდუქციის ფორუმზე When East Meets West.
მოგვიანებით, სექციაში Last Stop Trieste, სადაც მონტაჟის ეტაპზე მყოფი ფილმებია წარმოდგენილი, ალექსანდრე კვატაშიძის ნამუშევარი HBO Europe Award - ის მფლობელი გახდა.
აქედან გამომდინარე მოხდა ფილმის "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" პროგრამაში Born In Trieste წარდგენა, რადგან ფილმის საერთაშორისო ისტორია სწორედ ტრიესტეში დაიწყო.
ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი იტალიაში 1989 წლიდან იმართება და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალად ითვლება.
წელს ფესტივალი 20 იანვარს დაიწყო და 29 იანვარს დასრულდება.