25 იანვარს 19 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის ოპერა “ტრავიატა”.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სპექტაკლის პრემიერა, რომელზეც იმუშავა არაერთგზის ნაცადმა, წარმატებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თემურ არსენიძისა და ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით, შარშან ოქტომბერში დიდი წარმატებით გაიმართა. პრემიერის შემდეგ ეს პირველი წარმოდგენა იქნება.
მთავარ როლებს შეასრულებენ საერთაშორისო აღიარების მქონე ახალგაზრდა ქართველი მომღერლები: მარიკა მაჩიტიძე (ვიოლეტა ვალერი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თაეტრის სოლისტი), ირაკლი კახიძე (ალფრედ ჟერმონი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტი), ნიკოლოზ ლაგვილავა (ჟორჟ ჟერმონი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თაეტრის სოლისტი), - გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სამივე მათგანი აღნიშნული როლების საუკეთესო შემსრულებლებად ითვლება, რაც არგუმენტირებულად გვაფიქრებინებს, რომ სპექტაკლი ჭეშმარიტ საოპერო ზეიმად გადაიქცევა. მათ პარტნიორობას გაუწევენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ნუცა ზაქაიძე (ფლორა ბერვუა), მარიეტა მაჩალაძე (ანინა), იოსებ კიწმარიშვილი (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი დიუფონი), ემილ ჩარგაზია (მარკიზი დ’ობინი), ლევან მაკარიძე (ექიმი გრენვილი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი. სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.