,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მას პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია.
“ჩვენ არც კი გვქონია მცდელობა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არის გამოკეტილი 4 კედელში ივანიშვილის მიერ და აქედან გამომდინარე ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ უზნეობაა, რომ გადააყენო ადამიანი რომელიც არის ივანიშვილის მიერ გამოკეტილი. ჩვენ უკანასკნელი დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია, რომ მას გაეკეთებინა საჯარო განცხადება თუ რა პოზიციას იჭერდა, თუმცა ის თავს იკავებდა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ არ ერეოდა პარტიულ უთანხმოებაში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები.
,,მე პირადად მსურს მომავალ კვირას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვესტუმრო ვანო მერაბიშვილს და პირადად გავიგო მისი მოსაზრებების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას ეცნობება, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული თავად ვანო მერაბიშვილზე”, - განაცხადა”რუსთავი2”-ის ეთერში ნიკა მელიამ.
ვანო მერაბიშვილმა ენმ-ის ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება.
,,მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია”, - ნათქვამია ვანო მერაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.