ერთპიროვნულად, არანაირი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ, - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
„რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, რომელიც უკვე არის ჩვენთან საჯარო დისკუსიის საგანი, რა თქმა უნდა, აზრების გარკვეული წინასწარი მოთელვა მოხდა. ეს შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც წინა დასკვნაში უკვე ჰქონდა ხაზგასმული ვენეციის კომისიას-ანუ, ბალანსი, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, ასევე პარლამენტის საარჩევნო სისტემა და სხვადასხვა საკითხები. ჩვენ ვახსენეთ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყო სწორედ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ეს გადაწყვეტილება როგორც პარლამენტის საარჩევნო სისტემასთან, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით უნდა მიიღოს იმ კომისიამ, რომელიც არის შექმნილი და ჩვენ ერთპიროვნულად, არანაირი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.