მალხაზ გულაშვილი მისი და მისი შვილის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "აბსურდულს" უწოდებს. სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დამფუძნებელი აცხადებს, რომ იგი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს.
მალხაზ გულაშვილი არც საქართველოში დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა დაბრუნების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.
"ამ უაზრო გადაწყვეტილებას რომელიც მიიღეს ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციოში და შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის აბსურდი. თუ სააკაშვილის ხელისუფლება აღიარებს, რომ დამოუკიდებელია სამხრეთ ოსეთი, მაშინ განაცხადოს ოფიციალურად და თქვას, რომ საზღვარი დაირღვა. საოკუპაციო კანონში რომელიც თავად აქვს მიღებული გარკვევით წერია და რომელი საზღვრის დარღვევაში მადანაშაულებენ გაუგებარია", _ განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს დავით გულაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ ბრალად.