დაჭრილი მოზარდის დავით ლიპარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. მას წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად იგი წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში რჩება.
მას შემთხვევის შედეგად ყელის არეში სისხლძარღვები დაუზიანდა. 16 წლის დავით ლიპარიშვილი 19 წლის მარიამ ჯაჭვლიანმა დაჭრა. გოგონა სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. მან დანაშაული უკვე აღიარა. მისი თქმით, ლიპარიშვილი შელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.
რაც შეეხება დაზარალებულს, დავით ლიპარიშვილი აცხადებს, რომ ჯაჭვლიანს არ იცნობდა. ის შემთხვევით, მასა და მის მეგობარს ქუჩაში შეხვდა. ინციდენტი კი მას შემდეგ მოხდა, რაც მათ მარიამ ჯაჭვლიანის გაცნობა გადაწყვიტეს და ამ მიზნით გოგონას უკან აედევნენ. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.