საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოოსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
მხარეებმა საქართველოს მხრიდან 2014-2016 წლებში გაწეული მოსამზადებელი სამუშაოები შეაჯამეს და პროექტის აქტიურ ფაზაზე გადასვლის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, ქართული ლიტერატურისა და კულტურის ცნობადობის გაზრდის უნიკალური შანსია.
პრემიერის თქმით, საქართველო მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული თანამედროვე, ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა, რომლის ლიტერატურის, კულტურის, ტრადიციების უფრო ახლოს გაცნობით, მსოფლიო აქამდე ჯერ კიდევ უცნობ საქართველოს „აღმოაჩენს".
იურგენ ბოოსის განცხადებით, მისასალმებელია საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს ხილვა, რადგანაც “ესაა პატარა, მაგრამ ამასთანავე თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანა, რომელიც 2018 წელს დიდ ინტერესს გამოიწვევს”.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკითხებზე. აღინიშნა, რომ 2014 წელს დაფუძნდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომლის მთავარ ამოცანას ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა და ზოგადად, ქართული წიგნის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია წარმოადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი დაესწრნენ.