უბრალოდ გაკვირვებული ვართ, რომ პირველი ბრიფინგი მთლიანად დაუთმეს ენმ-ის და სააკაშვილის ლანძღვა-გინებას, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, პარტიაში დარჩენილები პატივს სცემენ პარტიიდან წასულების აზრს.
”წამსვლელი წავიდა, უბრალოდ ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებული ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს ”ნაციონალური მოძრაობის” და სააკაშვილის ლანძღვა- გინებას. კიდევ უფრო გასაკვირი იყო, რომ მთელი თავიანთი დრო პირველივე თავიანთ ბრიფინგზე ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს ”ნაციონალურ მოძრობაზე”. ეს კი ნამდვილად ძალიან სამწუხაროა”, - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, მთავარი არის ის, რომ ”ჩავარდა ივანიშვილის გეგმა”, ენმ დაშლილიყო.
”ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე. ბუნებრივია, ძალიან მიჭირს მე ამ ადამიანის მიმართ კომენტარების გაკეთება ბევრი მიზეზის გამო. ”ნაციონალური მოძრაობა” არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება და ამიტომ ბევრი რამისგან შევიკავებდი თავს, ვინაიდან ბევრი რამ ხელისგულზე დევს”, - აღნიშნა მელიამ.
ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს.
ისინი საქმიანობას ”ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ. აღნიშნულ პარტიას კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი გააჩნია, ის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, ცესკოში ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი და კანონით განსაზღვრული ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობს, რაც ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტებს ეკუთვნის. პარტია “ევროპული საქართველოს“ დამფუძნებელი და ამჟამინდელი თავმჯდომარე ნუგზარ წერეთელია.